ახალი ამბები

24.03.2016

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. როგორც უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დისკუსიებზე მხარეებმა ქართული დელეგაციის მისამართით  შეშფოთება გამოთქვეს საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის დონის გაზრდის გამო. ასევე ნათქვამია, რომ  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც პანკისის ხეობაში ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტების მომზადებას ეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონებში ინცინდენტებმა იკლო და უზრუნველყოფილია გადაადგილების თავისუფლება, თუმცა უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ ამ ფონზე  საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე პროვოკაციები გრძლდება და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებისა და საინჟინრო ნაგებობების  დაზიანება ხდება. ასევე უწყება აცხადებს, რომ შემაშფოთებელია  ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების არასანქცირებული შესვლა, რის სავალალო შესაძლო შედეგებზეც, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გააფრთხილეს. შეგახსენებთ, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდთან დაკავშირებით.

 

სხვა სტატიები